საქართველოს საგადასახადო კოდექსი

 

წიგნი I

ზოგადი დებულებანი

 

კარი I

ზოგადი დებულებანი

 

თავი I

საქართველოს საგადასახადო სისტემა

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით რეგულირებული

ურთიერთობანი

1. ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელებისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ამოღებულია (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან).

 

მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსისა და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.

3. გადასახადებით დაბეგვრისას ამ კოდექსის დებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.

4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობას ან ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსის დებულებებს. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას გამოიყენება ამ კოდექსის დებულებები.

5. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების რეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან, გარდა:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში;

ბ) გადასახადებთან დაკავშირებულ დანაშაულთა შესახებ დებულებებისა, რომლებიც შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში;

გ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ დებულებისა, რომელიც შედის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონში; (28.03.2007. N4526 ამოქმედდეს 2007 წლის 15 აგვისტოდან.)

დ) საბაჟო კანონმდებლობისა;

ე) კანონმდებლობისა მოსაკრებლების დაწესების თაობაზე;

ვ) საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს კანონისა.

ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონისა. (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

7. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებული ნორმები, მაშინ გამოიყენება ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები.

8. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმატიული აქტი ძალაში შედის ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 3. ინსტრუქციები, ბრძანებები და მითითებები

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით ამტკიცებს ინსტრუქციებს. ინსტრუქციის დებულებას, რომელიც არ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს, სამართლებრივი ძალა არა აქვს.

11. ამ კოდექსის ცალკეული თავებისა და მუხლების გამოყენების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს ინსტრუქციებს. ასეთი ინსტრუქციების ან მათში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წინასწარ, გამოცემამდე არანაკლებ 1 თვით ადრე ქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით. (11.07.2007. N5280)

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოები საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში ხელმძღვანელობენ ასეთი ბრძანებებით, შიდა ინსტრუქციებითა და მეთოდური მითითებებით. (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

 

მუხლი 4. ვადების განსაზღვრა

1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით ან დღეებით, ან იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. ამ კოდექსის მიზნებისათვის, დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ ეს არ არის მითითებული, ამ შემთხვევაში დღე არის სამუშაო დღე. ამასთანავე, ამ კოდექსის მიზნებისათვის, სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა. (11.0-7.2007. N5280)

3. მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება განხორციელდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.

4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.

5. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.

6. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამ კოდექსით დაშვებულია მოქმედების განხორციელება საბანკო გადარიცხვით ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება დადგენილ ვადაში განხორციელებულად ითვლება, თუ იგი განხორციელდა ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.

7. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის ბოლომდე.

მუხლი 5. ხანდაზმულობის ვადა

საგადასახადო მოთხოვნის (გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის შესახებ) და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის (ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან/და ჩათვლის თაობაზე) წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს ვადა აითვლება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

მუხლი 6. გადასახადის ცნება

გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ბიუჯეტებში სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

მუხლი 7. საქართველოს საგადასახადო სისტემა

საქართველოს საგადასახადო სისტემა მოიცავს:

ა) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილეთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათ უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას;

ბ) გადასახადებს, მათი დაწესების, შემოღების, შეცვლისა და გაუქმების წესებს;

გ) გადასახადების გადახდასთან და საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფორმებს, მეთოდებსა და წესებს;

დ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობისას წარმოშობილ დავათა გასაჩივრებისა და გადაწყვეტის წესს.

 

მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო სისტემის პრინციპები

1. პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, რომელთა მიმართაც ეს პირი გადასახადის გადამხდელია.

2. დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე.

3. ამ კოდექსის მიხედვით დარიცხული გადასახადი არის ვალი სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ბიუჯეტში უნდა იქნეს გადახდილი.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ შემოიღონ მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადები.

 

მუხლი 9. გადასახადის სახეები

1. საქართველოში მოქმედებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდა სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

3. ადგილობრივი გადასახადებია ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების ნორმატიული აქტებით შემოღებული გადასახადები (ზღვრული განაკვეთების ფარგლებში), რომელთა გადახდა სავალდებულოა შესაბამისი სუბიექტების ტერიტორიაზე.

4. საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება:

ა) საშემოსავლო გადასახადი;

ბ) მოგების გადასახადი;

გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);

დ) აქციზი;

ე) ამოღებულია (11.07.2007. N5280 ძალაშია 2008 წლის 1 იანვრიდან)

ვ) საბაჟო გადასახადი. (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან).

5. ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება:

ა) ქონების გადასახადი;

ბ) ამოღებულია (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან).

 

მუხლი 10. გადასახადების დაწესების, შემოღების, შეცვლისა და გაუქმების

სამართლებრივი საფუძვლები

1. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დაწესება, შეცვლა ან გაუქმება ხდება ამ კოდექსში სათანადო ცვლილებების ან/და დამატებების შეტანით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილნი არიან შემოიღონ მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადები ამ კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.

3. ადგილობრივი გადასახადების დაწესება ან დაწესებული ადგილობრივი გადასახადების გაუქმება ხდება ამ კოდექსში სათანადო ცვლილებების ან/და დამატებების შეტანით, ხოლო გადახდის პირობების შეცვლა ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან, ადგილობრივი გადასახადის შემოღების, გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს. (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

 

 

თავი II

საგადასახადო კოდექსში გამოყენებული

ტერმინები და ცნებები

მუხლი 11. ამ კოდექსის ტერმინებისა და ცნებების გამოყენების არეალი

ამ კოდექსის ტერმინები და ცნებები, რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინებისა და ცნებებისაგან განსხვავებული მნიშვნელობა, გამოიყენება მხოლოდ საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 12. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. პირი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

11. საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა გადასახადების ადმინისტრირება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს ფუნქციები.

12. შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც მიენიჭება უფლებამოსილება, შეასრულოს შემოსავლების სამსახურის ამ კოდექსით გათვალისწინებული ფუნქციები. (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი.

3. სააღრიცხვო დოკუმენტაცია პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

4. გადასახადების ადმინისტრირება გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა/საგადასახადო აგენტთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.

5. დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი ადგილი, სადაც უძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს, ხოლო მოძრავი ქონება რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ არ არსებობს მოძრავი ქონების რეგისტრაციის ადგილი, დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფლად ითვლება ადგილი, სადაც მოძრავი ქონება ფაქტობრივად მდებარეობს.

6. რეზიდენტი რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია).

7. არარეზიდენტი პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.

8. პირის ოჯახი პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და ეწევიან საერთო მეურნეობას. (25.05.2006. N3138)

9. პარტნიორი პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი, კოოპერატივის წევრი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

10. საემისიო კაპიტალი სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის შესაბამისად.

11. დივიდენდი მოგების ნაწილი, რომელსაც იურიდიული პირი სამეურნეო წლის (სამეურნეო წლების) შედეგების მიხედვით ანაწილებს პარტნიორთა შორის, აგრეთვე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციების გამოსყიდვისას (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 531 მუხლის შესაბამისად) ქონების განაწილებით მიღებული შემოსავალი, გარდა საწესდებო და საემისიო კაპიტალის ქონებისა ან/და იმ ქონებისა, რომელიც პარტნიორმა ადრე განახორციელა შენატანის სახით.

12. პროცენტი სავალო ვალდებულებებთან (გარდა საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებებისა), მათ შორის, კრედიტებთან (სესხებთან), დეპოზიტებთან, ანაბრებთან, ობლიგაციებთან დაკავშირებული გადასახდელი, აგრეთვე დისკონტის სახით მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო საპენსიო ფონდიდან მიღებული პროცენტი.

13. როიალტი:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური;

ბ) საავტორო უფლებების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

გ) სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი;

ე) კინოფილმების, ვიდეოფილმების, ხმის ჩანაწერების ან ჩაწერის სხვა საშუალებათა გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

ვ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული შემოსავალი.

14. არაპირდაპირი გადასახადი გადასახადი (დღგ, აქციზი და სხვა), რომელიც დგინდება მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას. არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება გადასახადის გადამხდელად.

15. საერთაშორისო გადაზიდვა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა. (28.04.2006.N2955)

16. იდენტური საქონელი სხვადასხვა საქონელი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, კერძოდ, ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია ბაზარზე, წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.

17. მსგავსი საქონელი სხვადასხვა საქონელი, რომლებიც არ არიან იდენტურნი, მაგრამ აქვთ მსგავსი მახასიათებლები და შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელნი.

18. საქონლის ექსპორტი, საქონლის იმპორტი, საქონლის რეექსპორტი, საქონლის ტრანზიტი, საქონლის დროებით შემოტანა, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება, გადამუშავებული პროდუქტი, გადაუმუშავებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საბაჟო საზღვარი თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად. (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან).

19. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია საქონლის აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.

20. უიმედო საგადასახადო დავალიანება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით ან/და სანქციებით, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, ან რომ მისი ქონება ან/და აქტივები იმდენად მცირეა, რომ ვერ ფარავს სასამართლოს ხარჯებს. (22.04. 2005. N1414)

21. უიმედო ვალი საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე.

22. აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხა ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც:

ა) გამოვლენილია საგადასახადო ორგანოს მიერ;

ბ) დადასტურებულია საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე;

გ) დადასტურებულია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით;

დ) წარმოშობილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან).

23. აღიარებული საგადასახადო ვალდებულება გადასახადი ან/და სანქცია, რომელიც წარმოშობილია:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე;

ბ) საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ეთანხმება ან რომლის გასაჩივრების ვადა გასულია;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. (22.04.2005. N1414)

24. საგადასახადო დავალიანება სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

25. აღიარებული საგადასახადო დავალიანება სხვაობა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის აღიარებულ ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის. (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან).

26. დანაკლისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ამ კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება და შესაბამისად ინვენტარიზაცია ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ჩაითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი ნაკლებობა. (7.12.2007 N5569)

27. არამატერიალური აქტივი ფიზიკური ფორმის არმქონე იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოების დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები.

28. მატერიალური აქტივი აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი.

29. წმინდა აქტივები სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის.

30. ეკონომიკური სამსახურის ვადა განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

31. ქონება ყველა ნივთი და არამატერიალური სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა და რომელთა ფლობა, განკარგვა და რომლებით სარგებლობა შეუძლიათ პირებს.

32. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:

ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები;

გ) საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები;

დ) დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით;

ვ) სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები;

ზ) სხვა მიწა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად.

33. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

34. კალენდარული წელი დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახალრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისათვის პირველ წელს რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

35. წელი (გარდა კალენდარული წლისა) დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან.

36. ძირითადი საშუალება მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი 1 წელზე მეტი ხნით იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. (25.05.2006. N3138)

37. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.

38. წარმომადგენლობითი ხარჯი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:

ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) პროტოკოლით გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;

ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;

გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:

დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება) ხარჯებს;

დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (ვიპ-ის დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;

დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;

დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;

დ.ე) პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებების, წვეულებების (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.

39. კომპენსაცია პირის მიერ საქონლის მიწოდების, გაწეული მომსახურების ან მისივე ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება, გასამრჯელო, სარგებელი, საფასური, საზღაური. (25.05.2006. N3138)

40. ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯები ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალებების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარების ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.

41. დახლი საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი არასტაციონარული სავაჭრო ადგილი, რომელიც არ ქმნის დახურულ სივრცეს, სახურავით ან მის გარეშე. (28.12.2007 N5674)

42. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალები, ნახევარფაბრიკატები, მარაგ-ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

43. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში ბასს) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.

44. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგებები შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით. (25.05.2006. N3138)

45. ბაზარი (ბაზრობა) მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ. (28.12.2007 N5674)

46. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. (28.12.2007 N5674)

47. საგადასახადო სესხი ამ კოდექსის XL1 თავის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხი, რომელიც გაიცემა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე. (28.12.2007 N5678)

 

მუხლი 13. ეკონომიკური საქმიანობა

1. ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა და სხვა სამეწარმეო საქმიანობისა; (25.05.2006. N3182)

ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;

გ) რელიგიური საქმიანობა.

3. ეკონომიკური საქმიანობა იყოფა სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად.

4. სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, კერძოდ, ისეთი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სავაჭრო გარიგებების ან სხვა სამეურნეო ოპერაციების სახით, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების შეძენასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) ასეთი საქმიანობა ხორციელდება სისტემატურად და აღნიშნული ოპერაციების განმახორციელებელი პირის პროფესიული საქმიანობაა;

ბ) ხდება გამყიდველის მიერ წარმოებული საქონლის/გაწეული მომსახურების რეალიზაცია;

გ) ასეთი ოპერაციები ხორციელდება სავაჭრო, სავაჭრო-საშუამავლო (დილერის საქმიანობის ჩათვლით) ან საშუამავლო საქმიანობის ფარგლებში. (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

5. არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საფასურის გადახდით ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) დროებით მფლობელობაში, მართვაში ან სარგებლობაში გადაცემა, ამ ქონებაზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების გადაცემისა და ქონების შემდგომი გასხვისების შესაძლებლობის გარეშე. ასეთი გადაცემა არ უნდა განეკუთვნებოდეს ფინანსურ საქმიანობას და ქონების მიმღები პირისათვის არ უნდა წარმოშობდეს გადაცემული ქონების მიზნობრივ გამოყენებასთან დაუკავშირებელ დამატებით ვალდებულებებს ან ამ ქონების ფლობისათვის, მართვისათვის ან ამ ქონებით სარგებლობისათვის საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას განეკუთვნება:

ა) დაქირავებით მუშაობა;

ბ) ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში;

გ) ქონების იჯარით გადაცემა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება ან იჯარით გადაცემა; (9.12.2005. N2242)

დ) ქონების მართვა მინდობილობით;

ე) ფიზიკური პირის მიერ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელება.

7. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას უთანაბრდება საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ან ფასიანი ქაღალდების შეძენა (რეალიზაცია), ობლიგაციებისა და სხვა სავალო ვალდებულებათა შეძენა (რეალიზაცია), საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის შეძენა (რეალიზაცია), აგრეთვე გამყიდველის საკუთრებაში არსებული საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლებების რეალიზაცია.

 

მუხლი 14. საქველმოქმედო საქმიანობა

1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:

ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:

ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას ან ადაპტაციას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დევნილებისათვის, ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;

ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;

ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;

ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;

ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის მათი ტალანტის განვითარების მიზნით:

ა.ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ მუხლის პირველი ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.

2. ქველმოქმედებას არ განეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:

ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ;

ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;

გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ მისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;

დ) თუ ის რეკლამის შესახებ საქართველოს კანონით ითვლება სპონსორობად.

 

მუხლი 15. რელიგიური საქმიანობა

1. რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება, მათ შორის, ისეთი გზით, როგორიცაა:

ა) რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების ან სხვა საკულტო მოქმედებათა ორგანიზება და ჩატარება;

ბ) მორწმუნეთათვის შესაძლებლობის მიცემა, ჰქონდეთ ან გამოიყენონ სამლოცველო შენობები ან სარიტუალო ნაგებობები რელიგიურ მოთხოვნილებათა როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად დასაკმაყოფილებლად;

გ) რელიგიური დელეგაციების, მომლოცველების, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების მიღებისა და გამგზავრების ორგანიზება, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების, სემინარების ორგანიზება, აღნიშნულ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით (სხვა საცხოვრებლით), ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფა;

დ) მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, აღნიშნული სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო ორგანიზაციების (საავადმყოფოები, თავშესაფრები, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლები) შენახვა, აგრეთვე კანონიკური წესებით განპირობებული სხვა ანალოგიური საწესდებო საქმიანობა.

2. რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (საღვთისმსახურო) ლიტერატურას ან აწარმოებენ რელიგიური დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური (საღვთისმსახურო) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი სახსრების გამოყენება რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად.

 

მუხლი 16. დაქირავებით მუშაობა

1. დაქირავებით მუშაობად ითვლება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით ან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით;

ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;

გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

2. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება ხელფასად.

მუხლი 17. საქონელი

1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.

2. დღგ-ის მიზნებისათვის საქონელს არ განეკუთვნება ფული და მიწა.

 

მუხლი 18. მომსახურება

1. მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას განეკუთვნება შემდეგი საქმიანობა:

ა) სამშენებლო-სამონტაჟო;

ბ) სარემონტო;

გ) სარესტავრაციო;

დ) საცდელ-საკონსტრუქტორო;

ე) გეოლოგიურ-საძიებო;

ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო- და თბოენერგიის ტრანსპორტირება;

ზ) ქონების გადაცემა ქირით ან იჯარით (გარდა ლიზინგით გადაცემისა); (25.05.2006. N3138)

თ) საშუამავლო;

ი) პერსონალის შერჩევა;

კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა;

ლ) შესრულება ვალდებულებისა არ მიიღოს ან დაუშვას რაიმე მოქმედება (სიტუაციები);

მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება;

ნ) სარეკლამო მომსახურება;

ო) საინოვაციო მომსახურება;

პ) ფინანსური მომსახურება;

ჟ) სადაზღვევო მომსახურება;

რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება;

ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება;

ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა;

უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება;

ფ) დაცვის მომსახურება;

ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება;

ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურება;

ყ) საზღვაო გემების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების მომსახურება;

შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო და კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება;

ჩ) სხვა მომსახურება.

2. დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებად ითვლება საქონლის ნებისმიერი წარმოება, მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესში როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალები) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულებაში).

 

მუხლი 19. ფინანსური მომსახურება

ფინანსურ მომსახურებას განეკუთვნება:

ა) კრედიტების (სესხების) გაცემა; კრედიტებზე (სესხებზე), საკრედიტო (სასესხო) გარანტიებსა და ფულად-საკრედიტო (ფულად-სასესხო) ოპერაციებზე უზრუნველყოფის საშუალებების გაცემა, მათ შორის, პირის მიერ გაცემული კრედიტების (სესხების) და საკრედიტო (სასესხო) გარანტიების მართვა, აგრეთვე ფაქტორინგი (გარდა საინკასო მომსახურებისა); (11.07.2007. N5280)

ბ) ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტების დეპოზიტებისა და ანგარიშების მომსახურებასთან, ანგარიშსწორებებთან, ფულად გზავნილებთან, სასესხო ვალდებულებებთან და საგადამხდელო ინსტრუმენტებთან;

გ) გადახდის კანონიერი საშუალებების ვალუტის, ფულის, ბანკნოტების (გარდა ნუმიზმატიკური მიზნით გამოყენებულისა) მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები, გარდა საინკასაციო მომსახურებისა;

დ) საწესდებო კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება;

ე) წარმოებულ და სინთეზურ ფინანსურ ინსტრუმენტებთან, ფორვარდულ შეთანხმებებთან, ოფციონებსა და სხვა მსგავს ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება;

ვ) საინვესტიციო ფონდების მართვასთან დაკავშირებული მომსახურება;

ზ) დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციები.

 

მუხლი 20. საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა

1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისთვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა არ ითვლება საქონლის მიწოდებად.

2. მომსახურების გაწევად ითვლება სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების მიწოდებას არ განეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც დღგ-ის მიზნებისათვის გულისხმობს ფულზე ან მიწაზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.

3. ამოღებულია(25.05.2006. N3138)

4. საქონლის მიწოდებად არ ითვლება:

ა) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;

ბ) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა. (25.07.2006. N3544)

მუხლი 21. ლიზინგი (ფინანსური იჯარა)

1. თუ პირი ლიზინგით (ფინანსური იჯარით) გასცემს ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოპერაცია ითვლება საქონლის მიწოდებად. (25.05.2006. N3138)

2. ქონების იჯარა წარმოადგენს ლიზინგს (ფინანსურ იჯარას), თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მიმღებს უფლება ექნება შეიძინოს ქონება ფიქსირებული ან იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით;

ბ) იჯარის ვადა აღემატება ძირითად საშუალებათა ეკონომიკური სამსახურის ვადის 75 პროცენტს;

გ) იჯარით აღებული ქონების მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება იჯარის ვადის დასრულებისას ამ ვადის დასაწყისში ქონების საბაზრო ღირებულების 20 პროცენტზე ნაკლებია;

დ) მინიმალური საიჯარო გადასახდელის მიმდინარე დისკონტირებული ღირებულება ლიზინგის (ფინანსური იჯარის) მთელი პერიოდისათვის ქონების საბაზრო ღირებულების 90 პროცენტია ან აღემატება მას.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იჯარაზე, რომლის ვადის დასაწყისიც მოდის ქონებით სარგებლობის ვადის ბოლო 25 პროცენტზე.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის საიჯარო გადასახდელის მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული საბაზისო საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საპროცენტო განაკვეთს.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის (ფინანსური იჯარის) პერიოდი მოიცავს პერიოდს, რომლის დროსაც იჯარის მიმღებს იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს განაახლოს ლიზინგი (ფინანსური იჯარა).

6. ლიზინგის (ფინანსური იჯარის) ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონება ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უნდა აისახოს იჯარის მიმღების ბალანსზე, რაც მას საშუალებას მისცემს, განახორციელოს ამ ქონებასთან დაკავშირებული საამორტიზაციო და ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯების გამოქვითვები.

 

მუხლი 22. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის

საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისთვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისთვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ ინფორმაციის, საფუძველზე. (11.07.2007. N5280)

4. საქონლის/მომსახურების ბაზრად ითვლება ამ საქონლის/მომსახურების მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი/მომსახურება გამყიდველისათვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ.

5. თუ საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის/მომსახურების მიწოდება არ არსებობს, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისთვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს. (11.07.2007. N5280)

6. თუ ამ მუხლის პირველიმე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი (ტარიფი) დგინდება დანახარჯების, შესაძლო რეალიზაციის ფასის ან მისაღები სარგებლის განსაზღვრის მეთოდებით. (25.05.2006. N3138)

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

8. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი შეიძლება იყოს საბითუმო და საცალო.

9. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/

მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/

მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

10. საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გამოიტანოს მოტივირებული წერილობითი გადაწყვეტილება გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ, თუ:

ა) გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;

ბ) საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

 

მუხლი 23. ურთიერთდამოკიდებული პირები

1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

გ) საწარმოს აკონტროლებს მეორე პირი;

დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი;

ე) პირები არიან საწარმოს ფილიალები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;

ვ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

ზ) პირები ნათესავები არიან.

3. საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ნათესავებად ითვლებიან:

ა) მეუღლეები;

ბ) აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები;

გ) დები (ძმები);

დ) დისწულები (ძმისწულები);

ე) დის ქმარი (ძმის ცოლი);

ვ) მშობლების დები (ძმები);

ზ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, როგორც მშობლები და შვილები.

4. ნათესაობის განსაზღვრისას გერი დები (ძმები) გათანაბრებულნი არიან ღვიძლ დებთან (ძმებთან), ხოლო შვილად აყვანილნი ღვიძლ შვილებთან. ამასთან, სამეურვეო ურთიერთობები გათანაბრებულია საოჯახო ერთობასთან (რომლის დროსაც პირები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, როგორც მშობლები და შვილები), რომელიც, თავის მხრივ, უთანაბრდება ნათესაურ ურთიერთობას. აღნიშნულ პირებს შორის საოჯახო ერთობის შეწყვეტა მხედველობაში არ მიიღება მათ შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობის შენარჩუნებისას ამ მუხლის მე-3 ნაწილის ზ ქვეპუნქტის მიხედვით.

 

მუხლი 24. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი

1. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

ა) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;

ბ) საქართველოში წარმოებული ან შეძენილი საქონლის მიწოდებით ან/და საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი;

გ) საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, მათ შორის, შემოსავალი, რომელიც მოიცავს საქართველოში ამ არარეზიდენტის მიერ იდენტური (მსგავსი) საქონლის რეალიზაციით მიღებულ ამონაგებს; შემოსავალი საქართველოში გაწეული მომსახურებიდან, რომელიც მუდმივი დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების იდენტური ან მსგავსია;

დ) საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული უიმედო ვალების ჩამოწერის შედეგად ვალდებულებათა გაუქმებითა და ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით ან კომპენსაციის შედეგად მიღებული შემოსავლები ამ კოდექსის 209-ე მუხლის მიხედვით;

ე) რეზიდენტი იურიდიული პირისაგან მიღებული დივიდენდები და ასეთ იურიდიულ პირში პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ვ) რეზიდენტისაგან პროცენტით მიღებული შემოსავალი;

ზ) რეზიდენტის მიერ გადახდილი პენსია;

თ) საქართველოში მუდმივი დაწესებულების ან ქონების მქონე არარეზიდენტისგან პროცენტით მიღებული შემოსავალი, თუ ამ პირის დავალიანება დაკავშირებულია მის მუდმივ დაწესებულებასთან ან ქონებასთან;

ი) საქართველოში არსებულ ან გამოყენებულ უფლებებთან ან ქონებასთან დაკავშირებული როიალტის ფორმით მიღებული შემოსავალი; ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული შემოსავალი, რომელიც მიიღება საქართველოში არსებული ან გამოყენებული ქონების რეალიზაციით ან გადაცემით;

კ) საქართველოში გამოყენებული მოძრავი ქონების იჯარით ან/და სხვა სახელშეკრულებო სარგებლობის უფლების გადაცემით მიღებული შემოსავალი;

ლ) საქართველოში არსებული და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უძრავი ქონებით მიღებული შემოსავალი, მათ შორის, ასეთ ქონებაში პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

მ) იმ საწარმოს აქციების ან პარტნიორის წილის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომლის აქტივების ღირებულების 50 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ იქმნება საქართველოში არსებული უძრავი ქონების ღირებულებიდან;

ნ) რეზიდენტის მიერ ქონების რეალიზაციით მიღებული სხვა შემოსავალი, რომელიც არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან;

ო) საქართველოს საწარმოდან ან საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებიდან მართვისათვის, აგრეთვე საფინანსო ან/და სადაზღვევო მომსახურებისათვის (გადაზღვევის მომსახურების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი;

პ) საქართველოში წარმოშობილი რისკის დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შენატანების სახით მიღებული შემოსავალი;

ჟ) საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი;

რ) საქართველოში საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავალი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის არ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემოსავლის წყაროს განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება შემოსავლის თანხის მიღების ადგილი.

კარი II

საწარმოები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები,

გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები

 

თავი III

საწარმოები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები

 

მუხლი 25. საწარმო

1. საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილნი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;

ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება;

გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით.

2. საწარმოს არ განეკუთვნება ინდივიდუალური საწარმო.

 

მუხლი 26. საქართველოს საწარმო და უცხოური საწარმო

1. საქართველოს საწარმოდ ითვლება საწარმო, რომლის საქმიანობის ან/და მართვის ადგილი საქართველოშია.

2. უცხოურ საწარმოდ ითვლება საწარმო, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის საქართველოს საწარმო.

 

მუხლი 27. საწარმოს საქმიანობის ადგილი

1. საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში იურიდიული მისამართი, რომელიც მითითებულია საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტებში (წესდებაში, ხელშეკრულებაში, დებულებაში).

2. თუ საწარმო საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე და მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში არ არის მითითებული საწარმოს საქმიანობის ადგილი, საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი. საწარმოს ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო საწარმოს მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ხოლო ასეთი მონაცემების წარუდგენლობის ან საეჭვო მონაცემების წარდგენის შემთხვევაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. სანდო ინფორმაციის არარსებობისა და საწარმოს ძირითადი საქმიანობის ადგილის განსაზღვრის შეუძლებლობის შემთხვევაში საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს მართვის ადგილი.

4. ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება ხელშეკრულების მონაწილე იმ პირის საქმიანობის ადგილი, რომელსაც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით აკისრია საქმეების მართვა. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე არის საქართველოს საწარმო ან რეზიდენტი ფიზიკური პირი, ერთობლივი საქმიანობის შედეგების აღრიცხვა გადასახადებით დაბეგვრის მიზნით მან უნდა აწარმოოს, მიუხედავად იმისა, ვის აკისრია საქმეების მართვა. თუ საქმეების მართვა არ აკისრია ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ერთ ან რამდენიმე მონაწილეს და ხელშეკრულების მონაწილეები ერთად უძღვებიან საქმეებს, საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილე საქართველოს საწარმოს საქმიანობის ადგილი. თუ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეები მხოლოდ რეზიდენტი ფიზიკური პირები არიან და ისინი ერთად უძღვებიან საქმეებს, საგადასახადო ორგანო განსაზღვრავს ამ საწარმოს საქმიანობის ადგილს, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეების მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ხოლო ასეთი მონაცემების წარუდგენლობის ან საეჭვო მონაცემების წარდგენის შემთხვევაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

მუხლი 28. საწარმოს მართვის ადგილი

1. საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი, ანუ ადგილი, სადაც საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტების (წესდების, ხელშეკრულების, დებულების) შესაბამისად საწარმოს დირექტორატი (მმართველობის სხვა ორგანო) ასრულებს მმართველობის ფუნქციას, ამ საწარმოს უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის ადგილისა და საქმიანობის განხორციელებით შემოსავლების მიღების ადგილის მიუხედავად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მართვის ადგილად ითვლება მისი საქმიანობის ადგილი.

3. თუ საწარმოს მართვას ახორციელებს მმართველი (სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი), რომელიც მოქმედებს ხელშეკრულების ან დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, საწარმოს მართვის ადგილად შესაბამისად ითვლება მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი. ანალოგიურად განისაზღვრება საწარმოს მართვის ადგილი, თუ მას ფაქტობრივად მართავს სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი, შესაბამისი ხელშეკრულების ან გადაწყვეტილების გარეშე.

4. თუ საწარმოს არ გააჩნია მმართველობის ორგანო, ან საწარმოს მმართველობის ორგანოს არ გააჩნია საქმიანობის მუდმივი ადგილი, ან მმართველი უშუალოდ არ ახორციელებს საწარმოს მართვას, საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს მმართველობის ორგანოს (ადმინისტრაცია, დირექცია, გამგეობა, ცენტრალური ბუღალტერია ან სხვა მსგავსი ორგანო) საქმიანობის ადგილი.

მუხლი 29. მუდმივი დაწესებულება

1. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებით ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მუდმივ დაწესებულებას უთანაბრდება:

ა) სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება;

ბ) დანადგარი ან კონსტრუქცია, საბურღი დანადგარი ან ხომალდი, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსების დასაზვერად, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება;

გ) მუდმივი ბაზა, სადაც არარეზიდენტი ფიზიკური პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას;

დ) უცხოური საწარმოს მართვის ადგილი, ფილიალი, წარმომადგენლობა, განყოფილება, ბიურო, ოფისი, სააგენტო, საამქრო, საბადო, კარიერი, ბუნებრივი რესურსების მოპოვების სხვა ადგილი, ნებისმიერი სხვა ქვედანაყოფი ან ამ საწარმოს საქმიანობის სხვა ადგილი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მომსახურების გაწევაზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებათა მიუხედავად, უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებად ითვლება ამ საწარმოს სახელით ან/და მისი ინტერესების შესაბამისად სხვა პირის (სხვა საწარმოს, ამ ან სხვა საწარმოს ქვედანაყოფის ან ფიზიკური პირის, რომელიც არ არის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირი) მიერ ამ საწარმოს 3 თვეზე მეტი ხნით მართვა, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. თუ უცხოური საწარმო ან არარეზიდენტი ფიზიკური პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრული პროფესიონალური სტატუსის მქონე შუამავლის, აგენტის ან ბროკერის მეშვეობით, რომელიც უფლებამოსილი არ არის აწარმოოს მოლაპარაკებები ან ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის სახელით, მაშინ შუამავლის, აგენტის ან ბროკერის საქმიანობა არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

6. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საწარმოების ფასიანი ქაღალდების, კაპიტალის წილების, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების მხოლოდ ფლობის ფაქტი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მუდმივი დაწესებულების ნიშნების არქონის შემთხვევაში არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

7. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

8. უცხოური საწარმოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა საწარმოში ან ორგანიზაციაში სამუშაოდ საკუთარი თანამშრომლების მხოლოდ მივლინების ფაქტი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მუდმივი დაწესებულების ნიშნების არქონის შემთხვევაში არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, თუ ეს თანამშრომლები მოქმედებენ მხოლოდ იმ საწარმოს ან ორგანიზაციის სახელით და იცავენ იმ საწარმოს ან ორგანიზაციის ინტერესებს, რომელშიც ისინი იქნენ მივლინებულნი.

9. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საწარმოს ან საქართველოს ორგანიზაციის მხოლოდ კონტროლირების ფაქტი არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

10. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში არ მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაწესებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ:

ა) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;

ბ) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის მარაგის შესანახად სხვა პირის მიერ მისი გადამუშავების მიზნით;

გ) ამ უცხოური საწარმოსათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის საქონლის შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

დ) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის ინტერესებიდან გამომდინარე მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ე) ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის სახელით სესხების გაცემასთან, საქონლის მიწოდებასთან ან ტექნიკური ხასიათის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადების ან/და ხელმოწერის მიზნით;

ვ) ამ ნაწილის აე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სახეობების ნებისმიერი კომბინაციით განხორციელების მიზნით.

11. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება საქართველოში ასეთად ითვლება მისი ამ მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად რეგისტრაციის, შესაბამისი უფლებამოსილებების მინდობის ან წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელების დაწყების მომენტიდან.

12. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აწარმოებს შესაბამის რეესტრს. რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. რეგისტრაციისათვის არ გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა გადასახდელი.

 

მუხლი 30. ორგანიზაცია

1. ორგანიზაციად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას (რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კორპორაციები, დაწესებულებები; (14.12.2006. N3979)

ბ) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, საელჩოები, საკონსულოები, წარმომადგენლობები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.

2. ორგანიზაციის საქმიანობის ადგილი და ორგანიზაციის მართვის ადგილი განისაზღვრება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. ორგანიზაციის საქართველოს ორგანიზაციისათვის ან უცხოური ორგანიზაციისათვის მიკუთვნება ხდება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად, ხოლო იმ ნაწილისათვის, სადაც ამის გამიჯვნა შეუძლებელია, ამ ნაწილში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონებისა და საქმიანობის გამოანგარიშების მიზნით გამოიყენება ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავალში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი.

 

მუხლი 31. საბიუჯეტო ორგანიზაცია

1. საბიუჯეტო ორგანიზაციად ითვლება მხარჯავი დაწესებულება ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, სტანდარტებისა და წესების შესაბამისად.

2. ბიუჯეტის ხარჯების ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით მხარჯავი დაწესებულება არის პირველი თანრიგის დაწესებულება, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება ან საშემოსავლო პროგნოზი და რომელიც პასუხისმგებელია ხარჯებისა და შემოსავლების მართვაზე.

მუხლი 32. საქველმოქმედო ორგანიზაცია

1. საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.

2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

3. დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის ძირითად მიზნებს, არ ცვლის მის საქველმოქმედო ხასიათს.

4. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო ორგანიზაციის ადგილმდებარეობის მიხედვით, ხოლო სტატუსის ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

5. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება ორგანიზაციის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებაში მიეთითება ორგანიზაციის:

ა) სახელწოდება;

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

გ) ძირითადი მიზნები;

დ) უკანასკნელი წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;

ე) ხელმძღვანელი ორგანოს და ფილიალების მისამართები.

6. განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) ორგანიზაციის წესდების ასლი;

ბ) სამოქალაქო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

გ) უკანასკნელი წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას;

დ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული უკანასკნელი წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

7. განცხადების თაობაზე საგადასახადო ორგანო 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი ჩაითვლება მინიჭებულად. სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.

8. ორგანიზაციას, რომელსაც მიენიჭა სტატუსი, გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა. მასში აღინიშნება:

ა) ორგანიზაციის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

ბ) სტატუსი;

გ) ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი;

დ) სტატუსის მინიჭების თარიღი;

ე) სტატუსის საიდენტიფიკაციო ნომერი.

9. სტატუსის მიღებასთან ერთად ორგანიზაციას ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე უნდა წარუდგინოს:

ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას;

ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;

გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

10. ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

11. დაუშვებელია საქველმოქმედო ორგანიზაციის მოგებისა და აქტივების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, დამფუძნებლებს, გამგეობისა და კურატორიუმის წევრებს შორის. საქველმოქმედო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონება უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილებით გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე საქველმოქმედო ორგანიზაციას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

12. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი უქმდება:

ა) ორგანიზაციის ინიციატივით;

ბ) ჩამორთმევის შემთხვევაში.

13. საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთმევა, თუ:

ა) დაარღვია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) შეუწყდა სამოქალაქო რეგისტრაცია.

14. ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის გამო სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია დააბრუნოს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო შეღავათებით მიღებული სარგებლის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევასთან.

15. საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა სტატუსი, უფლება აქვს მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.

16. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ორგანიზაციის სახელწოდება;

ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები;

გ) ძირითადი მიზნები;

დ) სტატუსის მინიჭების თარიღი;

ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.

17. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებიდან 1 თვის ვადაში წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.

18. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

მუხლი 33. რელიგიური ორგანიზაცია

რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად და ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 34. რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები

1. ფიზიკურ პირებად ითვლებიან:

ა) საქართველოს მოქალაქეები;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები;

გ) მოქალაქეობის არმქონე პირები.

2. საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებაში ან სასწავლებლად.

4. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ განეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში:

ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი;

ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა;

გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებისას საქართველოს ტერიტორიის გავლით;

დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა.

6. საქართველოს არარეზიდენტად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის რეზიდენტი.

7. რეზიდენტის ან არარეზიდენტის სტატუსი დგინდება ყოველი საგადასახადო პერიოდის მიმართ. ამასთან, ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.

 

მუხლი 35. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი და ფაქტობრივად

ყოფნის ადგილი

1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად ითვლება ადგილი, რომელსაც იგი, ჩვეულებრივ, საცხოვრებლად ირჩევს, ან მისი ფაქტობრივად ყოფნის ადგილი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო ან სამზრუნველო პირის საცხოვრებელ ადგილად მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილი.

3. ფიზიკური პირის ფაქტობრივად ყოფნის ადგილად ითვლება მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე სამუშაოს ხასიათიდან და პირობებიდან გამომდინარე მუდმივად გადაადგილებადი ფიზიკური პირის ფაქტობრივად ყოფნის ადგილად ითვლება ადგილი, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ან რეგისტრირებულია დადგენილი წესით (მათ შორის, სამხედრო ნაწილების დისლოკაციის ან შესაბამისი საწარმოების მდებარეობის ადგილი).

5. თუ ფიზიკურ პირს რამდენიმე საცხოვრებელი (ბინა ან სხვა საცხოვრებელი) აქვს, მის საცხოვრებელ ადგილს ან ფაქტობრივად ყოფნის ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო ამ ფიზიკურ პირთან შეთანხმებით.

 

მუხლი 36. მეწარმე ფიზიკური პირი

1. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

ა) ინდივიდუალური საწარმო ფიზიკური პირი, თუ ის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე არ არის ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი. (25.05.2006. N3138)

 

მუხლი 37. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილი

მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.

 

თავი IV

გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები

 

მუხლი 38. გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი

1. გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

2. საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.

3. საგადასახადო აგენტი უფლებათა და მოვალეობათა თვალსაზრისით გათანაბრებულია გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსის მიზნებისათვის.

 

მუხლი 39. გადასახადის გადამხდელთა უფლებები

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:

ა) საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობის, გადასახადის გადამხდელთა უფლებების, საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა უფლებამოსილებების შესახებ, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;

ბ) პირადად ან თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოებში; საგადასახადო ურთიერთობისას ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი წარმომადგენელი;

გ) ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით ან გათავისუფლდეს გადასახადებისაგან საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით;

დ) დროულად დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ზედმეტად გადახდილი ან/და ზედმეტად ამოღებული გადასახადის ან/და სანქციის თანხა;

ე) კანონით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ საგადასახადო ორგანოებში არსებულ ინფორმაციას;

ვ) დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას;

ზ) მიიღოს საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, აგრეთვე საგადასახადო მოთხოვნა;

თ) საგადასახადო ორგანოთა თანამდებობის პირებს მოსთხოვოს კანონმდებლობის დაცვა გადასახადის გადამხდელებთან დაკავშირებულ მოქმედებათა განხორციელებისას;

ი) საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს ახსნა-განმარტებები ჩატარებულ საგადასახადო შემოწმებათა აქტების შესახებ, აგრეთვე გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის თაობაზე;

კ) ამ კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, პასუხისმგებლობის შემსუბუქება ან პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება;

ლ) კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა სხვა გადაწყვეტილებები და ქმედებები;

მ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა ამ კოდექსთან და საქართველოს სხვა კანონებთან შეუსაბამო აქტები და მოთხოვნები;

ნ) საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს მოსთხოვოს საგადასახადო საიდუმლოების დაცვა;

ო) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საგადასახადო ორგანოთა და მათი თანამდებობის პირთა უკანონო გადაწყვეტილებების ან ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

პ) სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს, გარდა საგადასახადო ორგანოებისა, არ წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრასთან, გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება გადაცემული აქვს სხვა ორგანოებს.

2. გადასახადის გადამხდელის უფლებები არ შემოიფარგლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით.

 

მუხლი 40. გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი

ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა

1. გარანტირებულია გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული და სასამართლო წესით. (22.04.2005. N1414)

2. გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის წესები განისაზღვრება ამ კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 41. გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებები

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

ბ) ამ კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში, ხოლო მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებული არიან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით გაიარონ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ადგილმდებარეობის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში; (14.12.2006. N3979)

გ) გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები, ხარჯები და გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები და ბუღალტრული ანგარიშგება იმ გადასახადებზე, რომელთა მიმართაც იგი ითვლება გადასახადის გადამხდელად;

ე) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);

ვ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა კანონიერი მოთხოვნები საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ზ) განაცხადოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ და საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ან საგადასახადო აგენტს წარუდგინოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

თ) უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა, რომელთა საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლისა და მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით;

ი) შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობები:

ა) ბანკებში და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ან სხვა ანგარიშების გახსნის შესახებ, ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 დღის ვადაში. ამასთან, საქართველოს საწარმოები, საქართველოს ორგანიზაციები და მეწარმე ფიზიკური პირები წარადგენენ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლების გარეთ გახსნილი ანგარიშების შესახებ, ხოლო უცხოური საწარმოები და ორგანიზაციები მხოლოდ საქართველოში გახსნილი ანგარიშებისა და იმ ანგარიშების შესახებ, რომლებითაც ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში;

(ა) ბანკებში და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ, ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, საქართველოს საწარმოები, საქართველოს ორგანიზაციები და მეწარმე ფიზიკური პირები წარადგენენ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლების გარეთ გახსნილი ანგარიშების შესახებ, ხოლო უცხოური საწარმოები და ორგანიზაციები მხოლოდ საქართველოში გახსნილი ანგარიშებისა და იმ ანგარიშების შესახებ, რომლებითაც ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში; (11.07.2007. N5280 ამოქმედდეს საბანკო დაწესებულებებში საბანკო ანგარიშების გახსნის წესის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან)

ბ) საწარმოს (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა) ქვედანაყოფების რეგისტრაციის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მათი რეგისტრაციიდან, რეორგანიზაციიდან ან ლიკვიდაციიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

გ) საწარმოს (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს გარდა) გაკოტრებულად გამოცხადების, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

დ) თავისი (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გარდა) საქმიანობის ადგილის, მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის ადგილის შეცვლის შესახებ, ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. (14.12.2006. N3979)

3. გადასახადის გადამხდელი ამ მუხლით გათვალისწინებულ ცნობებს საგადასახადო ორგანოს წარუდგენს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით.

4. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 42. საგადასახადო აგენტთა ვალდებულებები

1. საგადასახადო აგენტი ვალდებულია:

ა) სწორად და დროულად გამოიანგარიშოს, გადასახადის გადამხდელს დაუკავოს და შესაბამის ბიუჯეტებში გადარიცხოს სათანადო გადასახადები;

ბ) აღრიცხოს ყოველი გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული და მის მიერ გადახდილი შემოსავლები, აგრეთვე დარიცხული, დაკავებული და ბიუჯეტებში გადარიცხული გადასახადები;

გ) საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გადასახადების გამოანგარიშების, დაკავებისა და გადახდის სისწორის კონტროლის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტები;

დ) შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

2. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში საგადასახადო აგენტს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 43. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა

ვალდებული პირის წარმომადგენელი

1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის პირადად მონაწილეობა უფლებას არ ართმევს მას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა უფლებას არ ართმევს მას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.

2. საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას.

3. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად.

4. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში. (22.04.2005. N1414)

 

5. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

მუხლი 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს

ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო

ორგანოს შორის

1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ფორმით ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით მიმოწერის შემთხვევებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირსა და საგადასახადო ორგანოს შორის წერილობითი ფორმით გასაგზავნი ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ (გვარის, სახელისა და თანამდებობის მითითებით) და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (თუ აქვს ბეჭედი). ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.

3. წერილობითი ფორმის საგადასახადო მოთხოვნა, შეტყობინება, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, საგადასახადო დეკლარაცია, საჩივარი, სხვა დოკუმენტი ან წერილი გადაცემულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ადრესატს უშუალოდ ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

4. დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი. თუ დოკუმენტის/წერილის გადაცემისათვის დადგენილია გარკვეული ვადა, ისევე, როგორც ამ დოკუმენტზე/წერილზე რეაგირებისათვის, ამ ვადის ათვლა ადრესატისათვის იწყება დაზღვეული საფოსტო გზავნილის მისთვის ფაქტობრივად ჩაბარების თარიღიდან. (11.07.2007. N5280)

5. ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) დოკუმენტი/წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს პირადად, საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ადრესატისთვის საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია დოკუმენტი/წერილი გადასცეს ადრესატს. დოკუმენტის/წერილის ჩაბარება დასტურდება შესაბამის უწყებაზე დოკუმენტის/წერილის მიმღების ხელმოწერით. თუ დოკუმენტის/წერილის ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა საქმიანობის ან საცხოვრებელ ადგილზე, იგი დოკუმენტს/წერილს აბარებს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან საქმიანობის ადგილზე კანცელარიას. დოკუმენტის/წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. მიმღები ვალდებულია დოკუმენტი/წერილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ითვლება როგორც დოკუმენტის/წერილის პირადად გადაცემა, ისე მიმღების მიერ ადრესატისათვის დოკუმენტის/წერილის შინაარსის ცნობება. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის ჩამბარებელმა შესაბამის უწყებაზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

6. გადასახადის გადამხდელს ან სხვა ვალდებულ პირს, გარდა ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ფიზიკური პირისა, დოკუმენტი/წერილი ფოსტით ან კურიერის მეშვეობით უნდა ჩაბარდეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე. ადრესატისთვის იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და უფლებამოსილ პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში დაქირავებით მომუშავე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რაც დოკუმენტის/წერილის ჩაბარებად ითვლება. დოკუმენტის/წერილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. ადრესატის იურიდიულ მისამართზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის/წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში, თუ უკან დაბრუნების მიზეზია საგადასახადო ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე ადრესატის იურიდიული მისამართის შეცვლა, მაშინ დოკუმენტის/წერილის უკან დაბრუნება ჩაითვლება ჩაბარებად, ხოლო უკან დაბრუნების დღე ჩაბარების დღედ. (11.07.2007. N5280)

 

კარი III

გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა

 

თავი V

გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება

 

მუხლი 45. ვალდებულებების დამდგენ ურთიერთობათა განხორციელება

წერილობითი ფორმით

1. საგადასახადო ორგანოს არც ერთ შეტყობინებას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის, თუ იგი არ არის შედგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წერილობითი ფორმით და ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი წესით არ ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს.

2. ვალდებულების დამდგენ მოთხოვნას უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული აქტის სახე. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს დასახელებას;

ბ) ადმინისტრაციული აქტის სათაურს;

გ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელს, გვარსა და ხელმოწერას;

დ) მისი გამოცემის თარიღსა და ადგილს;

ე) ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს;

ვ) გადასახადის გადამხდელის ან იმ პირის რეკვიზიტებს, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, (სახელსა და გვარს/ დასახელებას) და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მოთხოვნის შინაარსს;

თ) მითითებას, სად და რა ვადაში შეიძლება ამ მოთხოვნის გასაჩივრება.

 

მუხლი 46. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის

გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის, სხვა

ვალდებული პირისათვის შეტყობინების გაგზავნა

საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ სახელისა და გვარის მითითებით და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გადასახადის გადამხდელს უნდა ჩაბარდეს დოკუმენტის დედანი. დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის/წერილის ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ საფოსტო გზავნილით დოკუმენტის მიღების თარიღი) ან პირადად გადაეცა გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ ან/და კანონიერ წარმომადგენელს.

 

მუხლი 47. წერილობითი განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის

გამოყენებასთან დაკავშირებით

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს საგადასახადო ორგანოს პოზიციას პირის მიერ შესრულებული ან შესასრულებელი სამეურნეო ოპერაციისას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს რეკომენდაციას და მას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა.

 

თავი VI

საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები

 

მუხლი 48. საქართველოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის

სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

მუხლი 49. საქართველოს საგადასახადო ორგანოები

1. საქართველოს საგადასახადო ორგანოების ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა შედგება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისაგან, ტერიტორიული ორგანოებისა და განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან (ასეთი ქვედანაყოფის შექმნის შემთხვევაში). (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

2. საგადასახადო ორგანოები შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

3. ამოღებულია (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

4. ამოღებულია (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

5. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილნი არიან, უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლი გადასახადების სრულად და დროულად გადახდაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სხვა ორგანოებს.

 

მუხლი 50. საქართველოს საგადასახადო ორგანოების ძირითადი ფუნქციები

საქართველოს საგადასახადო ორგანოების ძირითადი ფუნქციებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ბ) გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე კანონპროექტებისა და სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) გადასახადის გადამხდელისათვის მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

დ) გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადასახადების ადმინისტრირება.

 

თავი VII

საგადასახადო ორგანოების უფლებები და ვალდებულებები

 

მუხლი 51. საგადასახადო ორგანოების უფლებები

1. ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;

ბ) გადასახადის გადამხდელისაგან/საგადასახადო აგენტისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;

გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციების და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, შექმნან საგადასახადო საგუშაგოები, ინვენტარიზაციით მოახდინონ საქონლის მარაგების აღრიცხვა, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების ოდენობა, ჩაატარონ კამერალური, გეგმური და საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები. ინვენტარიზაციის ჩატარების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

დ) საგადასახადო ორგანოში გამოიძახონ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი (მის ნაცვლად შეიძლება მივიდეს მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია);

ე) დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

ვ) გადასახადის იმ გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ, რომელმაც დაარღვია საგადასახადო კანონმდებლობა, გამოიყენონ სანქციები;

ზ) გადასახადის გადამხდელისაგან/საგადასახადო აგენტისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციების სახით დაკისრებული თანხა;

თ) საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ;

ი) დასაბეგრი ობიექტის სრულად განსაზღვრის მიზნით განახორციელონ გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;

კ) გადასახადების ადმინისტრირების მიზნით მოიწვიონ სპეციალისტები ან ექსპერტები;

ლ) სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისაგან უსასყიდლოდ მიიღონ მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით;

მ) მოითხოვონ და მიიღონ სააღრიცხვო დოკუმენტაციის ასლი (საჭიროების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დამოწმებული ასლი);

ნ) დააყენონ მრიცხველები ან/და აიღონ მათი მაჩვენებლები, აგრეთვე ამ კოდექსით დადგენილი წესით დალუქონ დოკუმენტები ან სხვა მასალები.

2. საგადასახადო ორგანოებს აგრეთვე აქვთ ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებები.

 

მუხლი 52. საგადასახადო ორგანოების ვალდებულებები

1. საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის გატარებაში;

ბ) დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები;

გ) გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე, სისრულე და დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს მისი უფლებები და ვალდებულებები;

დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა;

ე) განახორციელონ დარიცხული და ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა და შეადგინონ ანგარიშგება გადახდილი გადასახადების შესახებ;

ვ) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს დაუბრუნონ დარიცხულ თანხასთან შედარებით ზედმეტად გადახდილი თანხები ამ კოდექსის შესაბამისად;

ზ) დაიცვან გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება და ინფორმაციის შენახვის წესები ამ კოდექსის შესაბამისად;

თ) შეიმუშაონ დეკლარაციების და გადასახადის გამოანგარიშებასთან და გადახდასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ფორმები და უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ი) განახორციელონ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება და დასახონ შესაბამისი ღონისძიებები საგადასახადო სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად;

კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით;

ლ) აწარმოონ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრი, განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია და დალუქვა, აკონტროლონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა; (27.12.2005. N2546)

მ) მიიღონ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე განცხადებები, შეტყობინებები და სხვა ინფორმაცია და კანონით დადგენილი წესით შეამოწმონ ისინი;

ნ) დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე;

ო) ჩაატარონ განმარტებითი მუშაობა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, გამოსცენ მეთოდური და ინსტრუქციული მითითებები, სახელმძღვანელოები და ბროშურები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოაქვეყნონ კონსულტაციები და განმარტებები;

პ) საგადასახადო სამართალდარღვევის გამო განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;

ჟ) ამ კოდექსითა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული წესითა და დადგენილ ვადებში გადასცენ (გაუგზავნონ) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან მის წარმომადგენელს საგადასახადო შემოწმების აქტები, აგრეთვე საგადასახადო ორგანოების სხვა გადაწყვეტილებები და შეტყობინებები;

რ) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად;

ს) დაუყოვნებლივ დაადასტურონ გადასახადის გადამხდელის მიერ უშუალოდ გადაცემული წერილებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების მიღება.

ტ) უზრუნველყონ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოების (მათი ფილიალების), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მათი ფილიალებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოება, ამ კოდექსის შესაბამისად გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაცია (რეესტრის წარმოება) და მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება. (14.12.2006. N3979)

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა გადასცეს მას ამონაწერი მოთხოვნაში მითითებულ პერიოდში მისი საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ.

3. საგადასახადო ორგანოებს აგრეთვე ეკისრებათ ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

მუხლი 53. უფლებამოსილების დელეგირება

საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს ეკრძალება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა. (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

 

მუხლი 54. ამოღებულია (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 55. ამოღებულია (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 56. ამოღებულია (29.12.2006. N4255 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

 

კარი IV

საგადასახადო ვალდებულება

 

თავი VIII

საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულების წესი

 

მუხლი 57. საგადასახადო ვალდებულება

1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული და შემოღებული გადასახადი, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი, ასევე დაკისრებული საგადასახადო სანქცია. (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

2. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძველი, აგრეთვე მისი შესრულების წესი და პირობები რეგულირდება მხოლოდ ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით.

3. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრებათ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის ან/და სანქციის თანხის გადახდას. (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

4. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება. (29.12.2006. N4246 ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან)

 

მუხლი 58. გადასახადით დასაბეგრი მართლსაწინააღმდეგო შემოსავალი ან

ოპერაცია

1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.

2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავალი სრულად ექვემდებარება ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას, იგი არ იბეგრება.

 

მუხლი 59. საგადასახადო ვალდებულების შესრულება

1. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება დადგენილ ვადაში გადასახადის თანხის გადახდა.

2. გადასახადის თანხის ან/და სანქციის თანხის საბანკო სისტემის საშუალებით გადახდისას გადასახადი ან/და სანქცია ბიუჯეტში გადახდილად ითვლება შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში.

3. საგადასახადო ვალდებულების შესრულება არის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება. საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად.

4. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების შესრულება შეიძლება დაეკისროს საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს.

41. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით. ასეთ შემთხვევაში შესრულებული საგადასახადო ვალდებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. (11.07.2007. N5280) ამოქმედდეს სპეციალური ფორმის განსაზღვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგი დღიდან)

5. აკრძალულია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა ან მისი შესრულების წესის ცალმხრივად შეცვლა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობით.

6. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე პასუხს აგებს მთელი თავისი კუთვნილი ქონებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი გადასახადს იხდის საგადასახადო ორგანოს სალაროში, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ერთი სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს აღნიშნული თანხა შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერიცხება.

8. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით გადასახადების დადგენილ ვადაში გადახდის უზრუნველსაყოფად დეკლარაციებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების წარდგენისას ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან.

9. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, გადაიანგარიშება ლარებში:

ა) ოპერაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა ქვეყნებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.

10. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს აქციზისა და დღგ-ის თანხის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა ლარებში გადაიანგარიშება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით.

მუხლი 60. საგადასახადო ვალდებულების შესრულება

საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას

1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას, აგრეთვე გადასახდელი საურავისა და ჯარიმების გადახდას ასრულებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია მისი (საწარმოს/ორგანიზაციის) ფულადი სახსრებით, აგრეთვე ამ საწარმოს/ორგანიზაციის ქონების რეალიზაციით მიღებული სახსრებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ფილიალის ან სხვა ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ ის საწარმო/ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა იგი, ხოლო თვით ამ საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია.

2. ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებას (მათ შორის, სანქციებს) სოლიდარულად ასრულებენ ამ საწარმოს მონაწილეები.

3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) სრულდება ლიკვიდაციის დაწყებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. ობიექტურ გარემოებათა არსებობისას საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გააგრძელოს საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესრულების აღნიშნული ვადა, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა, რაც არ აჩერებს საურავის დარიცხვას.

4. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ზედმეტად გადახდილ გადასახადის თანხას საგადასახადო ორგანოები ჩათვლიან სხვა გადასახადების (მათ შორის, სანქციების) გადახდის ანგარიშში დავალიანების საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებენ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისიას (საწარმოს მონაწილეებს) ამ კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 61. საგადასახადო ვალდებულების შესრულება

საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას

1. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი უფლებამონაცვლე (უფლებამონაცვლეები) ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულება ეკისრება მის უფლებამონაცვლეს (უფლებამონაცვლეებს) მიუხედავად იმისა, რეორგანიზაციის დაწყებამდე იყო თუ არა ცნობილი უფლებამონაცვლისათვის (უფლებამონაცვლეებისათვის) რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტები ან/და გარემოებები. უფლებამონაცვლე (უფლებამონაცვლეები) ვალდებულია რეორგანიზაციის დასრულებამდე გადაიხადოს რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებაზე დარიცხული საურავი და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმები. აღნიშნული დებულებები ვრცელდება იმ რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლეზედაც (უფლებამონაცვლეებზედაც), რომელიც თვითონ იყო აღიარებული სხვა საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ (უფლებამონაცვლეებად) და არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ასეთი უფლებამონაცვლეობით წარმოშობილი ვალდებულებები გადასახადებისა და სანქციების თანხების გადახდასთან დაკავშირებით.

3. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციის დროს ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის (უფლებამონაცვლეების) მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებისას ვადები არ იცვლება.

4. რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად შექმნილი საწარმო/ორგანიზაცია.

5. ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ორგანიზაციასთან მიერთებისას მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია.

6. საწარმოს/ორგანიზაციის რამდენიმე საწარმოდ/ორგანიზაციად გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან ასეთი გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები/ორგანიზაციები.

7. რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობისას რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების შესრულებაში თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით. ახლად წარმოქმნილ საწარმოებს/ორგანიზაციებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების ან მისი შესაბამისი ნაწილის შესრულებისათვის.

8. საწარმოს/ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისას მისი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება ასეთი რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საწარმო/ორგანიზაცია.

9. საწარმოს/ორგანიზაციის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოზე (საწარმოებზე)/ორგანიზაციაზე (ორგანიზაციებზე) ვრცელდება ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები. (11.07.2007. N5280)

10. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხას საგადასახადო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის (უფლებამონაცვლეების) მიერ რეორგანიზებული საწარმოს/

ორგანიზაციის გადასახდელი სხვა გადასახადების (მათ შორის, სანქციების) ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნდება უფლებამონაცვლეს (უფლებამონაცვლეებს) ამ კოდექსით დადგენილი წესით (თითოეული მათგანის წილის შესაბამისად).

მუხლი 62. გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო

ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება

1. გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი მემკვიდრე (მემკვიდრეები) მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულების ფარგლებში და სამკვიდრო ქონებაში მისი (მათი) წილის პროპორციულად მემკვიდრეობის მიღების დღიდან.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გარდაცვლილი ფიზიკური პირის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) გაუგზავნოს შეტყობინება გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებისა და მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მისი (მათი) ვალდებულების შესახებ გარდაცვლილი ფიზიკური პირის მაგივრად დადგენილი წესით შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება.

3. მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან სამი თვის განმავლობაში. პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონება, ვალდებულია დადგენილ ვადაში გადაიხადოს უგზო-უკვლოდ დაკარგული გადასახადის გადამხდელის მიერ გადაუხდელი გადასახადები, აგრეთვე მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების დღისათვის დაკისრებული სანქციების თანხა უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონება, გაუგზავნოს შეტყობინება უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებისა და ვალდებულების შესახებ, რათა მან დადგენილი წესით შეასრულოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება.

5. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მეურვე ქმედუუნარო პირის ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის მეურვე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადის გადამხდელის მიერ გადაუხდელი გადასახადის მთელი თანხა, აგრეთვე პირის ქმედუუნაროდ აღიარების დღისათვის რიცხული სანქციების თანხა.

6. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად.

7. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა (მათ შორის, ადრე დარიცხული) და ჯარიმების დაკისრება.

 

მუხლი 63. საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესი

1. გადასახადის გადამხდელი დაბეგვრის ობიექტის, გადასახადის განაკვეთისა და საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით დამოუკიდებლად გამოიანგარიშებს საანგარიშო პერიოდისათვის გადასახდელ გადასახადის თანხას, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ კოდექსით ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით დადგენილ შემთხვევებში გადასახდელი გადასახადის თანხის გამოანგარიშების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საგადასახადო ორგანოს ან საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს.

3. გადასახადი გამოიანგარიშება შესაბამისი გადასახადისათვის ამ კოდექსით ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით დადგენილი წესით.

4. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში გადაიხადოს (გადარიცხოს) გადასახდელი გადასახადის თანხა.

5. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესის ან/და ვადის შეცვლა.

 

მუხლი 64. საგადასახადო პერიოდი

1. საგადასახადო პერიოდი არის დროის მონაკვეთი, რომლითაც განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის საგადასახადო ვალდებულება (გადასახადის კუთვნილი თანხის გადახდა) კონკრეტული გადასახადის მიმართ.

2. საგადასახადო პერიოდი შეიძლება დაიყოს რამდენიმე საანგარიშო პერიოდად, რომელთა შედეგებზედაც გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს ეკისრება გადასახადის მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება.

3. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, მაგრამ ამ წლის 1 დეკემბრამდე, მისთვის პირველ საგადასახადო პერიოდს წარმოადგენს დროის მონაკვეთი მისი დაფუძნების დღიდან ამ წლის ბოლომდე. ამასთან, საწარმოს/ორგანიზაციის დაფუძნების დღედ (გარდა ფილიალებისა და სხვა ქვედანაყოფებისა და ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოებისა) ითვლება ამ საწარმოს/ორგანიზაციის დადგენილი წესით რეგისტრაციის დღე, საწარმოს/ორგანიზაციის ფილიალისა და სხვა ქვედანაყოფისათვის დაფუძნების დღედ ითვლება მათი სახელმწიფო რეგისტრაციის დღე, ხოლო ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნების დღედ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადების დღე.

4. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისთვის პირველ საგადასახადო პერიოდს წარმოადგენს დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან მომდევნო წლის ბოლომდე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (25.05.2006. N3138)

5. თუ საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაცია (რეორგანიზაცია) განხორციელდა კალენდარული წლის დამთავრებამდე, მისთვის უკანასკნელ საგადასახადო პერიოდს წარმოადგენს დროის მონაკვეთი ამ წლის დასაწყისიდან მისი ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დასრულებამდე. თუ საწარმო/ორგანიზაცია დაფუძნდა მისი ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) წლის წინა წლის 30 ნოემბრის შემდეგ, მისთვის პირველ და უკანასკნელ საგადასახადო პერიოდებს წარმოადგენს დროის მონაკვეთი დაფუძნების დღიდან ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დასრულების დღემდე. ამ ნაწილით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ საწარმოების (ორგანიზაციების) მიმართ, რომლებსაც გამოეყო ან შეუერთდა ერთი ან რამდენიმე საწარმო/ორგანიზაცია.

6. თუ საგადასახადო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საწარმო/

ორგანიზაცია იძენს უცხოური საწარმოს სტატუსს ან, პირიქით, უცხოური საწარმო საქართველოს საწარმოს სტატუსს, საგადასახადო პერიოდი იყოფა ორ ნაწილად; პირველ ნაწილში საწარმო/ორგანიზაცია წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს თავდაპირველი სტატუსის შესაბამისად, ხოლო მეორეში შეძენილი სტატუსის შესაბამისად. ამასთან, სტატუსის ცვლილების დღე არ ჩაითვლება საგადასახადო პერიოდის არც პირველ და არც მეორე ნაწილებში.

7. ამ მუხლის მე-3მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული წესები არ გამოიყენება იმ გადასახადების მიმართ, რომელთა საგადასახადო პერიოდი დადგენილია კალენდარული თვის ან კვარტალის სახით.

8. ამოღებულია (25.05.2006. N3138)

 

მუხლი 65. გადასახადისაგან განთავისუფლება და საგადასახადო შეღავათი

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადებისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, ხოლო ადგილობრივი გადასახადების გადახდისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანით.

2. აკრძალულია სხვა სამართლებრივი აქტებით გადასახადებისაგან განთავისუფლება ან საგადასახადო შეღავათების დაწესება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. გადასახადისაგან გათავისუფლებად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა არ გადაიხადონ გადასახადი.

4. საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით.

5. აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირების განთავისუფლება გადასახადისაგან.

6. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოიყენოს საგადასახადო შეღავათები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

მუხლი 66. გადასახადის გადახდის ვადები

1. გადასახადის, მათ შორის, გადასახადის მიმდინარე გადასახდელების, გადახდის ვადები დგინდება თითოეული გადასახადის მიმართ. ამასთან, გადასახადის მიმდინარე გადასახდელებში იგულისხმება შუალედური შენატანები, რომელთა გადახდაც ხორციელდება საგადასახადო პერიოდის დამთავრებამდე.

2. გადასახადის გადახდის ვადები შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული კალენდარული თარიღით, დროის მონაკვეთით, გარემოებაზე მითითებით, რომელიც უნდა დადგეს, ან მოქმედებაზე მითითებით, რომელიც უნდა განხორციელდეს.

3. თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, გადასახადის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადებში, ხოლო სხვა შემთხვევაში (მათ შორის, დამატებით დარიცხული და გადასახდელი თანხებისა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. (11.07.2007. N5280)

 

მუხლი 67. გადასახადების გადახდის წესი

1. გადასახადების გადახდა ხორციელდება:

ა) საგადასახადო პერიოდის განმავლობაში გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დადგენილ ვადებში გადახდითა და საგადასახადო პერიოდის დამთავრებისას საბოლოოდ გამოანგარიშებული გადასახადის თანხის გადახდით;

ბ) გადასახადის მთლიანი თანხის გადახდით;

გ) ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის აქტებით დადგენილი სხვა წესით.

2. გადასახადის გადახდის წესი დგინდება თითოეული გადასახადის მიმართ. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კოდექსით, ხოლო ადგილობრივი გადასახადების გადახდის წესი და პირობები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების აქტებით ამ კოდექსის შესაბამისად.

3. გადასახადების გადახდა ხორციელდება ლარებში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საგადასახადო ან საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საბანკო დაწესებულებების არარსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირს უფლება აქვს გადასახადი გადაიხადოს საგადასახადო ორგანოს სალაროში მკაცრი აღრიცხვის საგადასახადო ქვითრის სავალდებულო გამოწერით.

4. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი გადასახადს იხდის მხოლოდ ამ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის სახსრების ხარჯზე (მათ შორის, მისი საბანკო ანგარიშებიდან). აღნიშნული წესი არ ვრცელდება მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებსა და ფიზიკური პირის სხვა კანონიერ წარმომადგენლებზე.

5. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 68. გადასახადის თანხების დარიცხვა

1. ამ კოდექსის თანახმად გადასახადის თანხების დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოში კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის კუთვნილი გადასახადის თანხის აღრიცხვას. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვასა და სავარაუდო დარიცხვას. ამასთან, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს თითოეული გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ამ კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მიხედვით, შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი ინფორმაციის წყაროს საფუძველზე:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის საგადასახადო დეკლარაციები;

ბ) ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია;

გ) შემოწმების მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საგადასახადო ორგანოსათვის.

3. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალდებული პირი არ წარმოადგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს მას გადასახადი ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე და წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა.

4. თუ საგადასახადო კანონმდებლობა არ მოითხოვს გადასახადის გადახდას დეკლარაციის წარდგენასთან ერთად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო დაასკვნის, რომ ადრინდელი დარიცხვა განხორციელდა შეცდომით, საგადასახადო ორგანომ გადასახადი უნდა დაარიცხოს გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს და გაუგზავნოს მას საგადასახადო მოთხოვნა.

5. თუ გადასახადის გადახდევინება დაკავშირებულია საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან, გადასახადის გადახდის ვალდებულებათა ამსახველი დეკლარაციის შევსება განიხილება, როგორც:

ა) ამ გადასახადის დარიცხვა;

ბ) საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესასრულებული ვალდებულება.

მუხლი 69. გადასახადის გადახდის ადგილი

გადასახადის გადახდა ხორციელდება:

ა) საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული დარიცხვის ადგილის მიხედვით;

ბ) საგადასახადო კანონმდებლობაში მითითებული ადგილის მიხედვით, თუ საჭირო არ არის საგადასახადო მოთხოვნა;

გ) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან საწარ&